აბსურდი რომც დავუშვათ და ოპოზიციის მიერ მომზადებული საარჩევნო ცვლილებები მივიღოთ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე დღეს გააუქმოს და უფრო მძიმე კრიზისში ჩავვარდეთ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით ,– ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ასეთ საკითხებში ოდირის ჩართვის მცდელობა დროის გაწელვის, დეზინფორმაციის მიწოდებისა და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა.
„ვენეციის კომისიამაც აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი კომპეტენცია, როდესაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოება, რომელთა შორისაც დაძაბულობის გარკვეულ მუხტს ინარჩუნებენ, არ დაიშალოს. ეს აბსურდი რომც დავუშვათ და ეს კანონპროექტი მივიღოთ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე დღეს გააუქმოს და უფრო მძიმე კრიზისში ჩავვარდეთ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით. ქვეყანა არ უნდა ჩააყენო ანტიკონსტიტუციურ სიტუაციაში. ამას სერიოზულად ცუდი პროცესები მოჰყვება“, – დასძინა ვოლსკიმ.
ოპოზიცია ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტი დღესვე გაიგზავნება სახალხო დამცველთან, რომელმაც ის ეუთო-ს უნდა გადაუგზავნოს.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ეუთო-ს მხრიდან მიღებულ ყველა შენიშვნას გაითვალისწინებენ.