“გირჩის” ლიდერი ზურაბ გუშინ პოლიციის სამმართველოდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ აქციას შეუერთდა, ის ტელეკომპანია “მთავარის” პირდაპირ ეთერში ეკა კვესიტაძეს ჩაერთო, სადაც ისაუბრა, რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და ქართული საზოგადოება ამ მოცემულობაში.
“პირველი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არავინ ჩვენ სერიოზულად აღარ მიგვიღებს, არც რომელიმე დასავლური ინსტიტუტი, არც უცხოელი ინვესტორი, ვისაც ფულის ჩადება ენდომება ჩვენთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივად ჭაობში ვართ და ვიძირებით, დავიწყეთ ჩაძირვა მაგ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო.
მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამ ყველაფრის მორალური მხარეა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად ვიმყოფებით მონების მდგომარეობაში. როგორ შეიძლება ახლა ვინმემ შენთან საქმე დაიჭიროს, როგორც ერთან, როგორც ქვეყანასთან, როცა ეს პრობლემა ვერ მოგვიგვარებია. რომელ ნატოსა და ევროკავშირზე ვლაპარაკობთ…” – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იმ პრობლემაზეც ისაუბრა, რატომ არ გამოდის უფრო მეტი ხალხი მოცემული მდგომარეობის გასაპროტესტებლად. ჯაფარიძის თქმით, ეს დიდწილად პოლიტიკური პარტიების პრობლემაცაა და მანამ, სანამ პოლიტიკოსები არ დაიწყებენ სიმართლის ლაპარაკს და არ იქნებიან გულწრფელები, იქამდე ეს პრობლემად დარჩება.
“ერთერთი მიზეზი იმისა, რომ პარლამენტის წინ ახლა არ არის ბევრი ხალხი არის ის, რომ ოპოზიციაც ასევე არის ნაგავი. და ესეც სათქმელია. ოპოზიციას აქვს სერიოზული პრობლემები და სანამ პარტიები გულწრფელად ლაპარაკს არ დაიწყებენ, ხალხი არ გამოვა. გვაქვს რეალობა, როდესაც თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი მატყუარებით არის სავსე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ. სიმართლე არის ყველაფრის წამალი, მოკლევადიანადაც და გრძელვადიანადაც…” – განაცხადა ჯაფარიძემ.