საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებით, რომ საარჩევნო წესის ცვლილებაზე საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას ადამიანების გაღიზიანება ოპოზიციონერების განცხადებამ გამოიწვია.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის პროპორციულ წესზე გადასვლამ დემოკრატიულზე მეტად პოპულიტური ხასიათი მიიღო.
“არ ველოდები რომ იქნება ცვლილება, რაც იყო დაპირება ისე უნდა გაგრძელდეს. თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ადამიანები გააღიზიანა. არჩევნების პროპორციულ წესზე გადასვლა ხელს უწყობს, არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ პოპულიზმის განვითარებასაც და ამან გადაასწრო დემოკრატიულ პროცესს. ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება რომ ისინი თანამონაწილეები იყვნენ ამ პროცესის და ოპოზიციის ამდენმა ძახილმა რომ იძულებით და ძალით გაგაკეთებინეთ ყველაფერი, ვფიქრობ, გაღიზიანება გამოიწვია”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
ცნობისთვის, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს/მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. ანუ, სულ მცირე ერთ მანდატს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 0.67%-ს მაინც.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, მას თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, თუ ერთ პარტიას მიღებული აქვს 45.1% და მეორე პარტიას 7.8%, ამ შემთხვევაში 7.8-ს მიენიჭება უპირატესობა.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება იმ პარტიებს, რომლებსაც 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერა აქვს, ნაცვლად 25 000 ხელმოწერისა. თუმცა ეს იქნება ერთჯერადი. ხელმოწერის ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია. ბუნებრივი ბარიერი არის ერთჯერადი და ის მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს. 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, თუმცა 5%-იანი ბარიერი განახლდება.