პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.
ხუნდაძის თქმით, სხდომა საკმაოდ „ცხელი“ იყო.
„ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. მინდა, გითხრათ, ცხელი გამოვიდა სხდომა. თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ არის საუბარი, თუ როგორც უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ – ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, მთავრობა, თუ ეყოლება რყევადი, არაძლიერი, სუსტი ხელისუფლება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
კითხვაზე, რა გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა, დეპუტატი ამბობს, მიღებულ იქნა მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება.
„ის, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი, მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, რამეთუ მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ, მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, მოხდება პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს უმრავლესობის დატოვებას.
„უმრავლესობას არ ვტოვებ. მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.