ბოლო დღეებია მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვა, თუმცა “პრაიმტაიმმა” ის წყნეთში, საკუთარ სახლში ჩაწერა, როგორც ფარცხალაძე ამბობს, ეს არის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოდან გაიქცა. მისივე თქმით, საქმის გამო ხშირად უწევს ქვეყნის დატოვება, რაც ჩათვალეს მის გაქცევად და ერთადერთი მიზანია მისი დისკრედიტაცია, რადგან წვლილი მიუძღვის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაში.
„სისულელე. გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემს პირად საქმეებზე მოგზაურობა საზღვარგარეთ ხშირად მიწევს და ეს ვიღაცებს ილუზიას უქმნის. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვაპირებ ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას, გასაქცევები სხვები არიან.
საგამოძიებო სტრუქტურებში ძალიან დიდხანს ვიმუშავე და კორუფციულ გარიგებებში არაერთი მაღალჩინოსანი ვამხილე, რომელთა ქმედებები შემდგომ სასამართლომაც დაადასტურა.
შესაბამისად, ამ თავდასხმითა და დისკრედიტაციით, რაც ჩემზე მოდის მათ საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციის გამოსწორება უნდათ. თუმცა, ეს არ გამოუვათ“, – უთხრა ფარცხალაძემ „პრაიმტაიმს“.