“ნაძირლები !!! – ყველას ვერ დაგვიჭერთ, ვერც დაგვაშინებთ” – ეს ეხმაურება ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ ბრალის წარდგენას. პოსტის კომენტარებში კი სოციალურ ქსელის მომხმარებლის შეკითხვის საპასუხოდ დაწერა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება – ცილისწამებაა.
“რასაკვირველია, ცილისწამებაა – გვარამიამ ეს კომპანია ფინანსური ბლოკადის პირობებში ამუშავება. თანხების მითვისება კი არა, ნაქირავებში ცხოვრობს !!” – წერს კვესიტაძე.
შეგახსენებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში 19:00 საათზე მივა და ბრალის შესახებ დადგენილებას პირადად ჩაიბარებს.
როგორც ,,რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, მის წინააღმდეგ ბრალი “თეთრი ძაფებით არის ნაკერი.”