შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოშიმშილე აქტივისტი შეუძლოდ გახდა. ხათუნა ბერიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, მოგვიანებით კი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. კლინიკასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
„მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მაგრამ ეს ადამიანები არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას. ხათუნას შაქარი აქვს დავარდნილი, წნევა აქვს დაბალი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის სამედიცინო დაწესებულებას როგორც კი დატოვებს, ისევ მეგობრებს შეუერთდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ.
როგორც ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
“112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 34 წლის ქალი. მას აღენიშნებოდა ჰიპოგლიკემია, დაბალი არტერიული წნევა. პაციენტი მოთავსებულია მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, კვლევები და შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ შიმშილობის აქცია მე-11 დღეა მიმდინარეობს. ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.