შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„ბატონი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე, ახორციელებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სისტემა მუშაობდეს გამართულად. შსს-ს თითოეული ღირსეული და კეთილსინდისიერი თანამშრომელი, მათ შორის რიგითი პოლიციელები, 21 ივნისის ღამეს იცავდნენ პარლამენტს და იცავდნენ კანონს. დაზარალებულებთან ერთად, აუცილებელია ამ ადამიანების ინტერესებიც იყოს დაცული ზოგიერთი პოლიტიკური ძალის არასამართლიანი ზეწოლისგან,” – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა შეკითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
„შს მინისტრის პოზიციაც ასეთია, რომ მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ გასცა ბრძანება, რამდენად მართლზომიერი ბრძანება გაიცა და ამ ბრძანების ფარგლებში მოქმედებდნენ თუ არა პოლიციელები, ჰქონდათ თუ არა პოლიციელებს ბრძანების გარეშეც მოქმედების უფლება და იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული. ასევე გამოძიების დასადგენია ვინ ახდენდა მასობრივი არეულობის ორგანიზებას და ვინ ცდილობდა ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ორივე მიმართულება უნდა იყოს საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროში,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.