ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვები, რომლებიც გვაქვს პასუხგაუცემელი არ დარჩეს – „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ხულორდავა 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ობიექტურობისთვის სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან განხილვებში.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის პირადად უმნიშვნელოვანესია ის, რომ კითხვები, რომლებიც გვაქვს და მეც მაქვს, რა თქმა უნდა, პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ამას სჭირდება ძალიან საფუძვლიანი გამოძიება. მე ვიცი, რომ პროცესები მიმდინარეობს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. სახალხო დამცველის აპარატი არის ჩართული პროცესში. მათი იმედიც მაქვს, როგორც დამხმარე, გარეშე თვალის ამ პროცესში. ასევე გაკეთდა განცხადებები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ არის უმნიშვნელოვანესი და პირველი რიგის ამოცანა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.