რუმინეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას შეხვდა.
შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რის შემდეგაც ჯერ გაფორმდა საქართველოსა და რუმინეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს.
ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრისას ხაზი გაესვა მყარ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას და საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.
„გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა, რომელზეც გავიარეთ სხვადასხვა საკითხი. განვიხილეთ საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარება, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა, მათ შორის ტრანსპორტის, ენერეგეტიკისა და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით მყარ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას და საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.
ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მხარდაჭერაზე იმ კონტექსტში, რომ რუმინეთი 2020 წელს ხდება ევროკომისიის თავმჯდომარე და ხაზი გავუსვით აღნიშნული ინიციატივის მიზნების მიღწევას. დისკუსია შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობ. გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივს ვცემთ. ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რათა უფრო დინამიური გახდეს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა, გაიზარდოს ექსპორტი რუმინეთიდან საქართველოში და აღვნიშნეთ, რომ ასეც იყო გასულ წლებში. გვსურს, რეგულარული გახდეს მთავრობათაშორისი კომისია, რათა არსებული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, იქნება ეს ტურიზმი თუ ხალხთაშორისი კავშირები, ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ განაცხადა, რომ რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მხარს დავუჭერთ რუმინულ კომპანიებს, რათა კარგად გამოიყენონ შესაძლებლობები, რომელიც აქვს საქართველოს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს კასპიის ზღვა-შავი ზღვის პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც არის თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ერთობლივი პროექტი. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტურიზმის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობა, რაც დიდი პოტენციალის მქონე სფეროა.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებზე. ეს ხაზს უსვამს ქართველი და რუმინელი ხალხების კავშირებს და მინდა, სიხარულით აღვნიშნო ანთიმოზ ივერიელი, რომელიც დაიბადა საქართველოში და შუა საუკუნეების რუმინული კულტურის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ჩვენ მას უნდა ვუმადლოდეთ სტამბის დაარსებას“, – განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განცხადებით, საქართველო მომავალშიც იქნება რუმინეთის მეგობარი და პარტნიორი. ამასთან აღნიშნა, რომ მათი პარტნიორობა გახდება კიდევ უფრო ძლიერი და როგორც ქართველი, ასევე რუმინელი ხალხისთვის ძალიან სასარგებლო შედეგებს გამოიღებს.
[sg_popup id=”188034″ event=”onLoad”][/sg_popup]