This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export date: Sun May 28 10:29:49 2017 / +0000 GMT

მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა




 

საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.

„დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას.

აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება.

ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ასევე მიაწვდის უკვე კომერციულ ბანკებს იმ ლარის რესურსს, რომელი ლარის რესურსიც საჭიროა. სტატისტიკურად, რასაც ჩვენ ვითვლით, 33 ათასს სესხს შეიძლება შეეხოს ეს ყველაფერი, მსესხებლების რაოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმებული იქნება უკვე კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების რაოდენობა და ასევე მომართვიანობის რაოდენობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულის მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხების მომსახურების ნაწილში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას აღარ გაეზრდება და აღარც შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის რყევა იქნებოდა“, -აღნიშნა ქუმსიშვილმა.

 

 

 


Post date: 2017-01-11 14:54:18
Post date GMT: 2017-01-11 10:54:18
Post modified date: 2017-01-11 14:54:18
Post modified date GMT: 2017-01-11 10:54:18

Powered by [ Universal Post Manager ] plugin. MS Word saving format developed by gVectors Team www.gVectors.com